ჯანსაღი კვება ჯანმრთელი ცხოვრების წესი
გაფანტულმა სკლეროზმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ როგორ იცხოვროთ.
გაფანტულმა სკლეროზმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაზე სხვადასხვაგვარად იმოქმედოს. ჯანსაღი კვების და ჯანმრთელი ცხოვრების წესის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს. როგორც ჩვენი გს-ის მქონე ექსპერტი პაციენტები ადასტურებენ, მნიშვნელოვანია ჯანსაღად იკვებოთ და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდიოთ იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა ეს დაავადება.1
აქ, ჩვენ განვიხილავთ კვების სხვადასხვა, გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებულ გეგმას და მიგანიშნებთ თქვენთვის ყველაზე სასარგებლო და უსარგებლო საკვებზე, ასევე, მოგიყვებით, როგორ ისიამოვნოთ ურთიერთობით და გაერთოთ, მიუხედავად თქვენი დაავადებისა.
კონორი
გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს კვებაზე, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად იკვებებით და შეარჩიოთ ისეთი ჯანსაღი კვება, რომელიც თქვენ შეგეფერებათ.
შემიძლია ჩემი გს ჯანსაღი კვების მეშვეობით ვმართო?
არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გითხრათ კონკრეტულად რომელი საკვები დაგეხმარებათ გს-სთან გამკლავებაში, მაგრამ ის კი დადასტურებულია, რომ ჯანსაღი კვება ყოველთვის სასარგებლოა. ეს მნიშვნელოვანი გზაა იმისთვის, რომ შეამციროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგადი რისკები და თავი დაიცვათ ისეთი მდგომარეობებისგან, როგორიცაა დიაბეტი და გულის დაავადებები.1
კონორი
რატომ არ არსებობს მტკიცებულებები გს-ზე კვების უშუალო გავლენის შესახებ?
გარკვეულწილად, ეს დაკავშირებულია გს-ის კომპლექსურობასთან და კლინიკური კვლევების ჩატარების წესებთან. უფრო ძნელია მოიპოვო დაავადებაზე საკვების გავლენის შესახებ ობიექტური და ზუსტი მონაცემები, ვიდრე წამლის დაავადებაზე გავლენის შესახებ.3
კვების რომელი რეჟიმები შეიძლება იყოს გს-ის დროს სასარგებლო?
არსებობს რამოდენიმე „გს-ის დიეტა“, რომლებიც ითვლება გს-ის დროს მიზანშეწონილად, მაგრამ მათი უშუალო დადებითი გავლენა დაავადებაზე ჯერჯერობით დადასტურებული არ არის და, ამჟამად მიმდინარეობს ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევა. გაეცანით უახლეს მტკიცებულებებს და მიიღეთ გადაწყვეტილება...
ქვემოთ განვიხილავთ რამოდენიმე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კვების რეჟიმს და ბოლო კლინიკური კვლევების მონაცემებს, გს-თან მათი კავშირის შესახებ.
- სუანკის დიეტა
ეს დიეტა შეიმუშავა გს-ის მქონე ადამიანებისთვის ექიმმა როი სუანკმა 1940 წელს. იგი ზღუდავს ნაჯერი და არანაჯერი ცხიმების ყოველდღიურ მიღებას.3,6 მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ სუანკის დიეტა სარგებლის მომტანია გს-ის დროს, ამჟამად იოვას უნივერსიტეტში მიმდინარეობას კვლევა, რომელიც ადარებს ერთმანეთს სუანკის და პალეოლითურ დიეტებს იმისთვის, რომ გაარკვიოს მათი გავლენა ადამიანებზე მორეციდივე გს-ით. მეტი ინფორმაცია აღნიშნულ კვლევაზე იხილეთ აქ.
- პალეოლითური დიეტა
ეს ცილოვანი დიეტა უპირატესობას ანიჭებს ხორცს, თევზს, თხილეულს, ბოსტნეულს და ხილს. მას, ასევე, უწოდებენ „გს-ის დიეტას“. ამჟამად, არ არსებობს მყარი მტკიცებულება გს-ზე ცილოვანი დიეტის გავლენის შესახებ. როგორც ზემოთ აღნიშნულია, ამჟამად, იოვას უნივერსიტეტში მიმდინარეობს კვლევა, რომელიც ადარებს ერთმანეთს სუანკის და პალეოლითურ დიეტებს იმისთვის, რომ გაარკვიოს მათი გავლენა ადამიანებზე მორეციდივე გს-ით.3,7
მცენარეული დიეტები
- მაკდუგალის დიეტა
ეს დაბალცხიმიანი, მცენარეული დიეტა, ერთი წლის მანძილზე შეისწავლებოდა ადამიანებში გს-ის მორეციდივე ფორმებით. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ მაკდუგალის დიეტას, აღენიშნებოდათ ნაკლები დაღლილობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიეტას არ მოუხდენია დადებითი ეფექტი მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვით (MRI) დადგენილ დაავადების აქტივობაზე, გამწვავებების სიხშირეზე და უნარშეზღუდულობაზე. ზემოთ აღნიშნული ეფექტის დასადასტურებლად დამატებითი კვლევაა საჭირო.8
- ხმელთაშუა ზღვის დიეტა
მცირე პილოტურმა კვლევამ შეაფასა ხმელთაშუა ზღვის მოდიფიცირებული დიეტის (საკვები პოლი- და მონოარანაჯერი ცხიმების მაღალი შემცველობით, როგორიცაა თევზი, ცოცხალი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული, ხორცისა და რძის პროდუქტების გარეშე) გავლენა გს-ის მქონე ქალებში, 6 თვის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა გარკვეული გაუმჯობესება დაღლილობაზე, გს-ის სიმპტომებზე და უნარშეზღუდულობაზე გავლენის მხრივ, საჭიროა დამატებითი კვლევა იმის დასადასტურებლად, რომ ამ ტიპის დიეტას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს გს-ის მქონე ადამიანებისთვის.9
არსებობს კვების სხვა რეჟიმებიც, რომლებიც სასარგებლოდ ითვლება გს-ის მქონე ადამიანებისთვის. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეგრეთ წოდებული „გს-ის დიეტების“ მოქმედება დაავადებაზე არ ყოფილა უშუალოდ შესწავლილი კლინიკური კვლევებით. ამიტომ, არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ რომელიმე კვების რეჟიმი დაგეხმარებათ გს-ის დროს. სანამ კვების რომელიმე რეჟიმზე გადახვალთ, გაეცანით ბოლო სამეცნიერო მონაცემებს გს-ისა და კვების შესახებ და გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული დიეტა.
საკმარისი კლინიკური მტკიცებულებების გარეშე, ჩვენ ვერ გეტყვით, კვების რომელი რეჟიმი არის საუკეთესო გს-ის დროს.3-5 მაგრამ ნამდვილად ვიცით: ზოგადად ჯანსაღი კვება, ვარჯიშთან ერთად, სასარგებლოა ყველა ჩვენგანისთვის.1
ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მსოფლიოში ავტორიტეტული ორგანიზაციის (US Department of Health and Human Services, the US Department of Agriculture, the World Health Organisation [WHO], and the MS Society) კვების რეკომენდაციები ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის - რა უნდა მიირთვათ დიდი რაოდენობით და რას უნდა ერიდოთ.1,10-12
მიიღეთ დიდი რაოდენობით:1,10-12
• არანაჯერი ცხიმები (მაგ. თევზი, ავოკადო, თხილეული, ზეითუნის ზეთი)
• ხილი და ბოსტნეული
• პარკოსნები (ოსპი, ლობიო), დაუფქვავი მარცვლეული და თხილეული
შეზღუდეთ ან ერიდეთ:1,10-12
• შაქარი (გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი გადამუშავებული საკვები და სასმელი შეიცავს შაქარს, ასევე, შაქარი ბუნებრივად არსებობს ხილის წვენსა და თაფლში)
• მარილი (არის მრავალ გადამუშავებულ საკვებსა და ნახევარფაბრიკატში)
• ნაჯერი ცხიმები (ცხიმიანი ხორცი, კარაქი, ნაღები, ყველი)
• ტრანს-ცხიმოვანი მჟავები ( შედის მზა საკვებში, შემწვარ საკვებში, გამზადებულ ხემსში)
კონორი
რა როლი აქვს ალკოჰოლს ამ ყველაფერში? ჩვენ მთელი სექცია მივუძღვენით გს-ისა და ალკოჰოლის
საკითხს.
ზოგიერთი კვლევის მონაცემით, გარკვეულ საკვებ დანამატებს (როგორიცაა ვიტამინი D და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები) შეიძლება ჰქონდეთ დადებითი ეფექტი გს-ზე და, ზოგადად ჯანმრთელობაზე, თუმცა, მათი უშუალო გავლენა გს-ზე არ არის დადასტურებული და ზემოთ აღნიშნული ეფექტის დასადასტურებლად, საჭიროა დამატებითი კვლევები.2
სანამ რომელიმე საკვები დანამატის გამოყენებას დაიწყებთ, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ გუნდს, რადგან გარკვეული დანამატების ჭარბი რაოდენობა შეიძლება საზიანო იყოს.
კარგად კვება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემმა მითხრა, რომ ჩემი პირველი სიტყვები იყო „კიდევ მინდა“ - ეს ნიშნავდა კიდევ მინდა საჭმელი! მე ყოველთვის მიყვარდა კარგი და ბევრი ჭამა. გს-მა ეს არ შეცვალა.
ვფიქრობ, ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მეტი ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა და რომ არ იღებს საკმარისი რაოდენობით ბოჭკოს. აი, ზოგიერთი ჩემი საყვარელი რეცეპტი:
კონორი
- საუზმე: ფაფა კენკრით ან ხილის სმუზი
- ლანჩი: ბოსტნეულის სუპი, სალათი ან კარტოფილი ფრი; ეცადეთ ბოჭკოები ჩართოთ ყველა კვებაში - მე უპირატესობას ვანიჭებ ლობიოს, მუხუდოს ან ოსპს
- სადილი: მაკარონი (პასტა) ბევრი ბოსტნეულით
- ხემსი: გაყინული ხილის, ბანანის, სელის და სოიოს რძის სმუზი. დაღერღილი ხორბლის პურის ტოსტი მიწის თხილის კარაქითა და ბანანით. ან უბრალოდ ერთი მუჭა თხილი!
გრძელი დღის შემდეგ, მე სწრაფ სადილს ვიმზადებ - ვხარშავ ბოსტნეულს დაკონსერვებულ პომიდორთან ერთად, ვუმატებ ბევრ მწვანილს და სანელებლებს და სადილი მზადაა, სანამ ზურგჩანთას მოვიხსნი!
გაყინული ხილი და ბოსტნეული კარგი გამოსავალია მათთვის, ვინც დაკავებულია, ან დაღლილობა აქვს. გაყინვისას სასარგებლო ნივთიერებების უდიდესი ნაწილი შენარჩუნებულია, ასე რომ, გაყინული ხილი და ბოსტნეული არა მარტო უფრო იაფი და ადვილი მოსამზადებელია, ვიდრე ახალი პროდუქტი, ისინი, ასევე, სასარგებლოც არის!
კონორი
გაფანტულმა სკლეროზმა შეიძლება მეტყველება წაგართვათ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გააგონოთ.
გაფანტულმა სკლეროზმა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს მოძრაობებზე. მოდით, ყველა ნაბიჯზე შევასუსტოთ ეს გავლენა.
გაფანტულმა სკლეროზმა, შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე. თქვენ შეგიძლიათ ამის შეცვლა.
- WHO. Healthy diet. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/healthy-diet [accessed March 2020].
- Tryfonos C, et al. Medicines. 2019;6:95.
- MS Trust. Types of diet. https://www.mstrust.org.uk/life-ms/diet/types-diet#what-to-consider-for-any-ms-diet [accessed April 2020].
- Sand IK. Curr Nutr Rep. 2018;7:150–60.
- Evans E, et al. Mult Scler Relat Disord. 2019;36:101393.
- Chenard CA, et al. Nutrients. 2019;11:616.
- Wahls T, et al. Trials. 2018;19:309.
- Yadav V, et al. Mult Scler Relat Disord. 2016;9:80–90.
- Sand IK, et al. Mult Scler Relat Disord. 2019;36:101403.
- US Department of Health and Human Services, US Department of Agriculture. 2015–2020 dietary guidelines for Americans. 8th Edition. http://health.gov/dietaryguidelines/2015/guidelines/ [accessed June 2020].
- WHO. Global strategy on diet, physical activity and health. https://www.who.int/ncds/prevention/global-strategy-diet-physical-activity-2004-goals/en/ [accessed June 2020].
- MS Society. Diet and nutrition guide. https://www.mssociety.org.uk/care-and-support/everyday-living/eating-and-drinking/special-diets-and-ms [accessed April 2020].